logo
ENG



კრემლი აცხადებს, რომ "უკიდურესად შეშფოთებულია ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტით"

09 ოქტ 202316:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/09/u24q599vjgril7o.jpg

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, კრემლი "უკიდურესად შეშფოთებულია ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტით". ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენციისას განაცხადა.

"ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ. მიგვაჩნია, რომ ეს სიტუაცია რაც შეიძლება მალე უნდა დასტაბილურდეს. სიტუაციის ასეთი განვითარება, რა თქმა უნდა, შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს. ეს არის დიდი საფრთხე რეგიონისთვის", - ამბობს პესკოვი.

ამასთან, პესკოვი აღნიშნავს, რომ ისრაელში რუსეთის მოქალაქეების დაღუპვის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა, მაგრამ რუსი დიპლომატები კონტაქტზე არიან როგორც ისრაელის, ისე პალესტინის ხელისუფლებასთან.

"კონტაქტზე ვართ როგორც ისრაელის, ისე პალესტინის ხელისუფლებასთან, რათა ვაკონტროლოთ სიტუაცია და კონფლიქტის ზონაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ", - აღნიშნა მან.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებულთა რიცხვი ამ დროისთვის 2 200-ს აღემატება.


close დახურვა